ბედლენდი (ინგლ. bad lands — ცუდი მიწები) — ძლიერ დასერილი, ძნელად სავალი და მიწათმოქმედებისათვის გამოუსადეგარი დაბალმთიანი რელიეფი. შედგება დატოტვილი ხევების რთული ქსლისა და მათი გამყოფი ვიწრო თხემებისაგან.[1]

ბედლენდი
ბედლენდური რელიეფი
ბედლენდური რელიეფი

ბედლენდი ყალიბდება უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში კოკისპირული წვიმის ღვარების მიერ წყალგაუმტარი თიხოვანი ქანებით აგებული ზედაპირის გარეცხვის შედეგად. გავრცელებულია ძირითადად მთიან-უდაბნო და ნახევარუდაბნო რაიონებში, ხოლო ნიადაგის არარაციონალური დამუშავებისა და მთის ტყეების გაჩეხვის შედეგად აგრეთვე სტეპებსა და ტყესტეპებში.[1]

კლასიკური ბედლენდი განვითარებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, კლდოვანი მთების აღმოსავლეთ მთისწინეთში. აშშ-ში გვხვდება ბედლენდის გავრცელების რამდენიმე დიდი რაიონი, რომელთა შორის გამოიყოფა ბედლენდსის ეროვნული პარკი სამხრეთ დაკოტაში[2] და მდინარე პატარა მისურის ხეობა ჩრდილოეთ დაკოტაში.[3] ბედლენდური ტერიტორიები არსებობს ასევე კანადაში, სასკაჩევანისა და ალბერტის პროვინციებში; ფიქსირდება აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, ახალ ზელანდიაში და სხვა.[4]

ბედლენდის მსგავსი ფორმები წარმოიქმნება აგრეთვე სასარგებლო წიაღისეულის ღია მოპოვების რაიონებში, ნაყარებზე (ანთროპოგენული ბედლენდი), აგრეთვე სეისმოდისლოკაციის ადგილებში (ტექტონიკური ბედლენდი).[5]

XX საუკუნეში ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ისმოდა ტერმინი „ღრატოიანი ადგილი“, რომელშიც გულისხმობდნენ სწორედ ისეთ რელიეფს, რომელიც „ბედლენდს“ შეესაბამება. მიუხედავად ზოგიერთი ქართველი გეოგრაფის მცდელობისა, ღრატოიანი რელიეფი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არ დამკვიდრებულა.[6]

აღსანიშნავია, რომ „ღრატოიანი“ ადგილის შესახებ მითითებული აქვს აგრეთვე ქართველ გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს. თუმცა იგი არ იძლევა ამ ტერმინის განმარტებას, მაგრამ წინადადებაში აშკარად ჩანს, რომ „ღრატოიანი“ ადგილი სწორედ ბედლენდურ რელიეფს გამოხატავს. ვახუშტი ძლიერ დანაწევრებულ რელიეფზე „ღრატოიან“ ადგილებზე საუბრობდა, რაც ახლანდელი გაგებით ბედლენდს შეესაბამება.[6] ასე მაგალითად, ვახუშტი ერთ ადგილას წერს:[7]

ვიკიციტატა
„ხოლო არს ქვეყანა ესე ფრიად მრავალ და დიდროვან მთიანი, კლდიანი, ხევიანი, ღრატოიანი“; ან კიდევ „და ამ საზღვართა შორისი არს სამცხე, შიგნით მთიანი, გორიანი, ღრატოიანი, ხევიან კლდიანი.“

საქართველოში ბედლენდური წარმონაქმნები გვხვდება ქართლსა და გარეკახეთში. აღსანიშნავია ბანოჯის ბედლენდი და გომბორის ქედის ბედლენდები. ბედლენდი გავრცელებულია აგრეთვე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე[8] და ახალციხის ქვაბულში.[6]

ბედლენდის ქართული სინონიმია ასევე ალქატი მიწები, რაც მწირ, ღარიბ მოუსავლიან მიწას აღნიშნავს.[9]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Бедленд | Большая советская энциклопедия
  2. Badlands National Park (U.S. National Park Service)
  3. vegetation of the Little Missouri Badlands of North Dakota
  4. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, „ნეკერი“, 1996, გვ. 31.
  5. Бедленд | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-07. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  6. 6.0 6.1 6.2 საქართველოს სსრ გეოგრაფიული საზოგადოების შრომები, ტ. V. თბ., 1959, გვ. 19–20
  7. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თბილისი, 1941, გვ. 122–129
  8. ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
  9. ალქატი | თვალადური ქართული ჭაშნიკი