ზეიანის გორასამარხები

ზეიანის გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის სამხრეთით 5 კილომეტრზე, ზეიანად წოდებულ ადგილში. 1982 წელს კახეთის არქეოლოიურმა ექსპედიციამ სამაროვანზე გათხარა სამი გორასამარხი. ერთ-ერთი ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს განეკუთვნება, მეორე IV ათასწლეულის II ნახევარს ხოლო მესამე I ათასწლეულის I ნახევარს.

ზეიანში სარწყავი სისიტემის მშენებლობის დროს გორასამარხები დაზიანდა. ყველაზე დიდი მიწაყრილის მქონე ერთ-ერთ სამარხს რიყის ქვის ზვინული ჰქონდა. სამარხი ადრევე გაუძარცვავთ, რასაც მოწმობს ქვაყრილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძველი ჰუმუსის დონეზე არსებული ღიობი და მის გასწვრივ სამარხი ორმოს ჩანგრეული კედელი. დასაკრძალავი ორმოს ყველა კედელთან, ძველი ჰუმუსის დონეზე აღმოჩნდა ნახანძრალი ბუდეები, რაც იმას მიანიშნებს, რომ დასაკრძალავი ორმოს გაწმენდის მიზნით, მის ყველა კედელთან კოცონი დაუნთიათ.დასაკრძალავი დარბაზის სამხრეთ კუთხესთან, გვერდზე მწოლიარე, ორი ჩონჩხი აღმოჩნდა, ძლიერ მოხრილი კიდურებით. ერთი მარჯვენა გვერდზე ესვენა მეორე მარცხენა. მათი ხელის მტევნები ერთმანეთს ეხებოდა. სამარხში აღმოჩნდა სილანარევი და ქვიშანარევი თიხის ჭურჭელი. ასევე სამარხში აღმოჩნდა ბრინჯაოს ბიკონუსური ფორმის ორი მძივი და პირამიდულთა ვიანი ისრისპირი აგრეთვე ნიჟარის ფუძის ბრტყელი საკიდი. სამარხი ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანებით არის დათარიღებული.

მეორე გორასამარხი მიწაყრილიანია, რომლის ცენტრშიც რიყის ქვის ზვინულია. კამარის სამხრეთ ნაწილში შემაღლებულ ადგილზე, პირდაპირ ქვიან გრუნტზე დასვენებული ექვსი ადამიანის დამწვარი ძვლები აღმოჩნდა. კამარის სამხრეთით ორი კიდურმოხრილი მიცვალებული ესვენა ერთი მარცხენა გვერდზე მეორე მარჯვენაზე. მიცვალებულებს ზემოდანაც ჭილოფი და ტყავი ეფარათ. მონაპოვარი თიხის ჭურჭლის მიხედვით, სამარხი მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლია.

მესამე ქვამიწაყრილიანი გორასამარხი გაძარცვული აღმოჩნდა. დასაკრძალავი დარბაზის კედელი რკინის სალტეებით და ლურსმნებით გადაბმული, ხისფიცრებით იყო მოპირკეთებული. კამერის ფსკერზე დასავლეთ კედელთან, მამაკაცის ქვის ქანდაკება იდგა.

ლიტერატურა რედაქტირება