ka.m.wikipedia.org
მანავი
სოფელი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
მანავისოფელი საქართველოში, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირას, თემის ცენტრი (სოფლები: ბურდიანი). ზღვის დონიდან 750 მ, საგარეჯოდან 15 კმ, მანავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.
სოფელი
მანავი
ქვეყანა
 საქართველო
მხარეკახეთის მხარე
მუნიციპალიტეტისაგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თემიმანავი
კოორდინატები
41°43′06″ ჩ. გ. 45°27′46″ ა. გ. / 41.71833° ჩ. გ. 45.46278° ა. გ.
ცენტრის სიმაღლე750
ოფიციალური ენაქართული ენა
მოსახლეობა2769[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობაქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელიUTC+4
სატელეფონო კოდი+995
ისტორია
სოფლის ხელსაყრელი გეოგრაფიული გარემო კარგ პირობებს ქმნიდა მეურნეობის მრავალი დარგის, მათ შორის მევენახეობა​-​მეღვინეობის განვითარებისთვის. მანავში, ვაზის „კახური მწვანის“ ჯიშიდან, საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა სასიამოვნო, სპეციფიკური გემოს და არომატის მქონე ღვინო „მანავის მწვანე“. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყულიხან. მთის ძირად არს ძუელადი ციხე და აწ შემუსვრილი. არამედ ღვინო მანავისა კეთილი“. ვარაუდობდნენ, რომ მანავზე გადიოდა ე. წ. „ცხვრის გზა“, რომელიც შვიდი დღის სავალი იყო და ამ გზით ცხვარი მთიულეთიდან შირაქში გადაჰყავდათ ზამთრის საძოვრებზე.
მანავის დასახლებამ და მისმა ციხე-სიმაგრემ, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების პერიოდში. სხვა ქართულ სამთავროებთან ურთიერთბისა თუ არაბებთან ბრძოლის დროს, ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის პერიოდში, ეს ფუნქცია მოიშალა, მაგრამ ფეოდალური დაშლილობისა და კახეთის სამეფოს დაარსების შემდეგ, როგორც სტრატეგიული პუნქტი, იგი კვლავ მნიშვნელოვანი გახდა. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ლეკიანობის დროს.
1706 წელს იმამყული-ხანმა თავისი საზამთრო რეზიდენცია ყარაჯაღიდან მანავში გადმოიტანა, ვახუშტი ბატონიშვილი მის მიზეზად ლეკიანობას თვლის.
1712 წელს მანავში იქორწინეს თეიმურაზ მეფემ და ვახტანგ VI-ის ასულმა თამარმა.
1715 წელს, როდესაც მანავში მყოფი დავით იმამყული-ხანთან მისი დის ელენეს დასანიშნად, ქართლის მეფის იესეს (ალიყული-ხანი) წარმოგზავნილი, დიდგვაროვანი მოხელეები იმყოფებოდნენ, „ჭარელნი მოვიდნენ რბევად“ და კახელებს, თავისი სტუმრებიანად, მათ მოსაგერიებლად მოუწიათ წასვლა.
1715 წელს აჯი-ჩალაბთან ქართველების დამარცხების შემდეგ გულმოცემული ლეკები საქართველოს შემოესივნენ და, როგორც პაპუნა ორბელიანი გადმოგვცემს: „მრავალი ალაგი წაახდინეს... წარბძანდა მეფე ერეკლე მათთან საბრძოლველად. დახვდნენ ლეკნი მანავის თავში, ძლიერებითა ღვთისათა გაემარჯვა მეფეს ერეკლეს და ამოწყვიტეს ლეკნი“. საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ XVII საუკუნეში და XVIII საუკუნის დასაწყისში მანავის მოსახლეობის ნაწილი ლეკიანობის გამო აყრილა კიდეც, მაგრამ ერეკელე II-ის მეფობის დროს ბევრნი კვალვ დაბრუნებულან.
კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, მანავი ძირითადად სამეფო-სახასო მამულად განიხილებოდა. სოფელსა და მის შემოგარენს მეფის მოურავები განაგებდნენ. ერეკლე II-ის დროს მოურავებად ჩერქეზიშვილები ყოფილან, რომლებსაც, დროთა განმავლობაში, მანავის ყმა-მამულის ნაწილი მიუსაკუთრებიათ, რის გამოც სამეფო კართან გაუგებრობები წარმოქმნილა. მანავში ყმა-მამულს ავალიშვილებიც ფლობდნენ. ამას გარდა, მანავში ყმა-მამულს, სახნავ-სათესსა და ვენახებს ეკლესიაც ფლობდა, იყო საუფლისწულო მიწებიც. საომარი მოქმედებების წინ, მანავთან ხდებოდა, როგორც კახეთის, ასევე ქართლ-კახეთის ლაშქრის შეკრება. 1748 წლის ახლო ხანებში ერეკლეს „კახნი კაის ჯარით ზოგი საგარეჯოს და ზოგი მანავს“ შეუკრებია, ხოლო 1796 წელს აქ დაუბარებია მას ოთარ ამილახორი მთელი თავისი სასარდლოთი.
1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, მანაველებმა გაანადგურეს რუსთა საეგზეკუციო ჯარი, მაგრამ მარკიზმა ფილიპე პაულუჩიმ ხაშმის ბარბაროსულად დარბევის შემდეგ. უბრძოლველად დაიკავა პატარძეული, საგარეჯო, მანავი და კაკაბეთი.
1812 წლის 26 ნოემბერს მანავთან გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა რუსებსა და ქართველებს შორის, რომლებსაც ალექსანდრე ბატონიშვილი მეთაურობდა. ქართველებს ლეკებიც უნდა მიხმარებოდნენ. სოფელთან „იქნა ბრძოლა ძლიერი, სადაცა იძლივნენ ქართველ-ლეკნი“.
ქართველთა დამარცხების მიზეზად თეიმურაზ ბატონიშვილი თავის ნაშრომ „ახალ ისტორიაში“ კარის წინამძღვრის ელეფთერ ზუკაკიშვილის, გიორგი მეფის ვშიკაღასბაშ ალექსანდრე მაყაშვილის და ლეკთა რაზმის ღალატს ასახელებს. აჯანყებაში მონაწილეობის გამო მრავალი გააციმბირეს. რეპრესირებულთა შორის იყო მანავის მოურავი ივანე ჩერქეზიშვილი. ბაგრატ ბატონიშვილის „ახალი მოთხრობის“ მიხედვით, მუხრანბატონის შვილიშვილს ერმიას თუში მეცხვარეების ხმალი მოსწონებია. თუშებს ხმალი არ დაუთმიათ. განაწყენებულ ერმიას მათთვის აჯანყებაში მონაწილეობა დაუბრალებია. ამ ცრუ ბრალდების გამო, დიმიტრი ორბელიანს თუში მეცხვარეები შეუპყრია და დაუწვავს.
გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი 1772 წელს კახეთში მოგზაურობის დროს აღნიშნავს: „23 თებერვალს დილით გავვდით საგარეჯოდან და 5/4 საათში გავიარეთ 5 საჟენის სიგანის მდინარე, რომელიც მიედინება სოფელი მანავის 1 ვერსიით ზემოთ. ეს სოფელი თითქმის მთლიანად განადგურებულია; გადარჩენილ მოსახლეთაგან მცირე ნაწილმა შეაფარა თავი ოდნავ ჩრდილოეთით ვიწრო გალავანს ციცაბო მაღლობზე. ეს არის ყველაზე განაპირა ადგილი თვალ (?) საგარეჯოს მხარისა, რომელიც გადაჭიმულია პირველი მთისწინეთის სამხრეთ კალთების გასწვრივ, ტბილისიდან ამ ადგილამდე“. 1825-1826 წლებში საქართველოში იმოგზაურა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა ედუარდ აიხვალდმა. იგი მანავს ახლომახლო ქართულ სოფლებს შორის, ყველაზე დიდად მიიჩნევს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2769 ადამიანი.
აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]310615161590
2014[1]276913871382
ღირსშესანიშნაობა
მთავარი სტატია: მანავის ციხე.
მანავში შემორჩენილია ქართული ხუროთმომოძრვრების ძეგლი - ძლიერ დაზიანებული ციხესიმაგრე. ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი - XVI-XVIII საუკუნეებს. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვრის ქვედაციხე. ციხესიმაგრის შუაში ჯგუფად დგას სამი ეკლესია, ციხის ქვემოთ რიყისა და შირიმის ქვით ნაგები მცირე ზომის ეკლესიაა. იგი აუშენებია დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფრემს (1794). შიგა სივრცის მიხედვით ეკლესია დარბაზულია, მაგრამ დაგვირგვინებულია აგურით ამოყვანილი გუმბათით, რომელიც აფრებით ეყრდნობა საბჯენ და კონქის თაღებს.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 401.
კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 125-126.
სქოლიო
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
Last edited on 8 ივნისი 2021, at 12:22
ვიკიპედია
შინაარსი წარმოდგენილია CC BY-SA 3.0 პირობებით (თუ სხვა არ არის მითითებული).
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გამოყენების პირობები
დესკტოპი
 მთავარი შემთხვევითი  სიახლოვეს  შესვლა  პარამეტრები  შემოწირულობები  ვიკიპედიის შესახებ  პასუხისმგებლობის უარყოფა
სხვა ენაზე წაკითხვაკონტროლირედაქტირება