ოფიცერი (გერმ. Offizier, ლათ. Officiarius) — არმიის, ფლოტის, სამართალდამცავი სტრუქტურების სამეთაურო შემადგენლობის წარმომადგენელი.

აშშ-ს საზღვაო ძალების ახალი ოფიცრები ზეიმობენ თავიანთ ახალ პოზიციებს

ტერმინი სათავეს იღებს გვიანდელი ლათინური სიტყვიდან Officiarius (თანამდებობის პირი) და ნაწარმოებია სიტყვიდან Officium (თანამდებობა). თავდაპირველად ოფიცერს უწოდებდნენ პირს, რომელსაც ეკავა ზოგიერთი სახელმწიფო თანამდებობა. მეთხუთმეტე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც შეიქმნა მუდმივი დაქირავებული არმიები და სამხედრო საზღვაო ფლოტი, საფრანგეთსა და შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებში ოფიცერი ეწოდა საჯარისო მეთაურებს.

ფეოდალურ სახელმწიფოებში ოფიცრობა კომპლექტდებოდა თავად-აზნაურთა წრიდან. კაპიტალიზმის განვითარებამ ოფიცრების შემადგენლობის დაკომპლექტება რამდენადმე დემოკრატიული გახადა.

რუსეთის არმიაში ოფიცერთა ჩინები პირველად ეგრეთ წოდებულ ახალი წყობის პოლკებში შემოიღეს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ოფიცრის ჩინი გაუქმდა და 1943 წლამდე საბჭოთა კავშირში ეს ტერმინი აღარ გამოიყენებოდა. 1943 წელს, სამხედრო რეფორმის პირობებში საბჭოთა ჯარში კვლავ შემოიღეს სამხრეები და სამხედროთა სამეთაურო შემადგენლობას ოფიცრები ეწოდათ.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების არმიათა უმეტესობაში სამხედრო წოდებების მიხედვით იყოფა — უმაღლეს (გენერლები), უფროს და უმცროს ოფიცრებად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება