საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1918–1921 წლებში არსებული ქვეყანა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — პირველი რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე. შეიქმნა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ. მას ესაზღვრებოდა რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ჩრდილოეთით, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი — სამხრეთით. მოსახლეობა შეადგენდა 2,5 მლნ-ს, ფართობი — 107,600 კვ.კმ-ს. დედაქალაქი — ტფილისი. სახელმწიფო ენა — ქართული.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დემოკრატიული რესპუბლიკა

1918–1921
დროშა გერბი
ჰიმნი
დიდება
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის მიერ 1921 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მოთხოვნილი ტერიტორიების რუკა
დედაქალაქი ტფილისი
უდიდესი ქალაქები ტფილისი, სოხუმი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ართვინი, გორი, ოზურგეთი, სოჭი
ენები ქართული
მთავრობა რესპუბლიკა
მთავრობის თავმჯდომარე
 -  1918 ნოე რამიშვილი
 -  1918-1921 ნოე ჟორდანია
ისტორია
 -  შეიქმნა 26 მაისი 1918
 -  საბჭოეთის შეჭრა 11 თებერვალი, 1921
 -  მიღებულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 21 თებერვალი, 1921
 -  საბჭოეთის მიერ ანექსია 25 თებერვალი, 1921
 -  ოკუპირებული საბჭოთა რუსეთის მიერ 25 თებერვალი 1921
ფართობი
 -  1919 107 600 კმ² (41 545 მლ²)
მოსახლეობა
 -  1919 წელი 2 500 000 
სიმჭიდროვე 23,2 /კმ²  (60,2 /მლ²)
ვალუტა ქართული მანეთი (იხ. ბონი)
წინამორბედი
მემკვიდრე
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
აფხაზეთის სსრ
თურქეთი
1991:
საქართველოს რესპუბლიკია
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
თურქეთის დროშა თურქეთი
რუსეთის დროშა რუსეთი

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შემოიტანა და წარმატებით დანერგა საყოველთაო არჩევნები, ქალთა თანასწორუფლებიანობა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, რელიგიური პლურალიზმი და სხვ. რესპუბლიკის არსებობის მცირე პერიოდში მოესწრო მსოფლიოში დეპუტატად პირველი მუსლიმი ქალის არჩევა.[1]

რუსეთისა და თურქეთის აგრესიის წინაშე, ბლოკადისა და ომის პირობებში, რესპუბლიკამ მიაღწია ეკონომიკურ და ინსტიტუციურ პირველობას რუსეთის ყოფილ იმპერიაში. არაერთი წარმატებული ომის ხარჯზე, შეინარჩუნა ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის შემადგენლობაში შეინარჩუნა: სამუსლიმანო საქართველო, აფხაზეთი, სამაჩაბლო, ლორე, ზაქათალის ოლქი. საერთაშორისო ასპარეზზე, ფაქტობრივად არარსებული ბიუჯეტის პირობებში, პოლიტიკურმა ელიტამ, პროპაგანდისა და დიპლომატიური მუშაობის მეშვეობით, გაიტანა საქართველოს სახელი. საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. ერთა ლიგაში საქართველოს წევრობას მხარი დაუჭირა ათმა სახელმწიფომ, ხოლო ესტონეთისა და ლატვიის წევრობას - ხუთმა სახელმწიფომ. მთავრობასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ელიტას ცალსახა კონსენსუსი ჰქონდა რუსეთის თაობაზე. 1920 წლის 7 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ციხეში მრავალი ბოლშევიკი აგენტი რჩებოდა.[1]

საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჯარში, სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში რუსული ენა ქართულმა ჩაანაცვლა. დაარსდა პირველი ქართული უნივერსიტეტი.[2] დაიწყო ქართულ სახელმძღვანელოებსა და ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. ამის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობებისთვის არსებობას აგრძელებდნენ სკოლები და ნოყიერი ნიადაგი არსებობდა მათი კულტურული განვითარებისთვის.[1]

წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერ ტფილისის, ხოლო შემდეგ სურამის ბრძოლებში პირველი რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, რესპუბლიკა 1921 წელს წითელმა არმიამ დაიპყრო. 1921 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის დაძალებით ჯერ ყარსის ხელშეკრულება, ხოლო მოგვიანებით მოსკოვის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველომ დაკარგა პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები. 1922 წელს საქართველო ჯერ ამიერკავკასიის სფსრ-ში გააწევრიანეს, ხოლო შემდეგ იმავე წელს, ფედერაციასთან ერთად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს შეუერთეს. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში საფრანგეთში გადავიდა.[3] ემიგრაციაში ყოფნისას მთავრობის წევრები აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ლევილის მამულში ქართული კულტურის კერა შეიქმნა. რესპუბლიკის მთავრობამ უზრუნველყო საქართველოს ეროვნული განძის უსაფრთხოება, რომელიც მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა და ბოლშევიკების მიერ განადგურებას გადაარჩინეს. საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.[4] 1990 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი შეაფასა როგორც ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია. თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობა პირველი რესპუბლიკის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით გამოცხადდა.

ისტორია რედაქტირება

 
კაპიტანი ეგან კრიეგერი. გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, 1918 წ.

1917 წლის გაზაფხულზე, რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მეფისნაცვალმა ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ, ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. რუსეთის იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა გამოიწვია. ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით მიიღეს“. ვერც ანტირუსული განწყობილებით ცნობილმა ეროვნულ-დემოკრატებმა შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება.

1917 წლის აპრილის ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით მოწვეულ იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, რომლებზეც წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად უთანხმოებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა შეძლეს. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი გახდა. ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა. ეროვნული საბჭო პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი). ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას, ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას. რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

 
გერმანიის ჯარები თბილისში, 1918 წ. (უკანა ფონზე მამა დავითის ეკლესია მთაწმინდაზე და ფუნიკულიორი)

რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ, თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა, ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსოვი ქართველებს პირდებოდა, რომ ამ შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე საქართველოს დაცვის თაობაზე.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადება რედაქტირება

 
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1918 წლის 26 მაისი

1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს აკაკი ჩხენკელის მიერ 1918 წლის 23 მაისს გამოგზავნილი წერილი. სხდომა 24 მაისს, ღამის 11 საათზე გაიხსნა. ჟორდანიამ დამსწრეთ გააცნო ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს საღამოს 10 საათზე უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა გადაიდო 26 მაისის დღის 12 საათისთვის. ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი დაშლილად გამოაცხადებდა ამიერკავკასიის ფედერაციას. კენჭისყრის შედეგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დაუყოვნებლივ, 25 მაისს ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას — ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.

 
რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრები.

1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

 
საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. 1919 წლის 12 მაისი.
  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა — დემოკრატიული რესპუბლიკა.
  3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

1918-1919 წლებში მთავრობა კოალიციური იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება. დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ მთავრობა მხოლოდ ამ პარტიამ დააკომპლექტა. კრებამ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც კრებას წარუდგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი.

ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია რედაქტირება

 
წითელი არმია თბილისში

1920 წლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთმა სამოქალაქო ომში გარდატეხას მიაღწია: მოიგერია პოლონეთის არმიისა და თეთრგვარდიელი გენერლის ვრანგელის შემოტევები, შემდეგ კი დაამარცხა დენიკინის არმია და ამიერკავკასიის საზღვრებს მიუახლოვდა. აპრილში XI არმიამ აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა, მაისის დასაწყისში კი შემოიჭრა საქართველოში, მაგრამ უშედეგოდ. მისი შემდგომი ცდები ოკუპაციისა დროებით აღკვეთა საბჭოთა რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს გააფორმებულმა ხელშეკრულებამ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუშლიდა წითელი არმიის შემოსვლას საქართველოში. 1920 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის ბედი გაიზიარა სომხეთმაც, რამაც გარდაუვალი გახადა საქართველოს გასაბჭოებაც.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა თბილისი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.

გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

სახელმწიფო მოწყობა რედაქტირება

ხელისუფლება რედაქტირება

 
დამფუძნებელი კრების სხდომა, 1919.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო საქართველოს დამფუძნებელი კრება, ხოლო აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა), რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე.

ადმინსტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა რედაქტირება

საშინაო მდგომარეობა რედაქტირება

ჟორდანია და სხვა ოფიციალური პირები იბარებენ აღლუმს, 1919 წ.

არსებობის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება: დაადგინა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად, განახორციელა სასამართლო რეფორმა, ჩამოაყალიბა სახალხო გვარდია და რეგულარული არმია, შეიარაღებული ძალების უმაღლეს ხელმძღვანელად გამოცხადდა საქართველოს პარლამენტი. მიიღო რესპუბლიკის კონსტიტუცია. გატარდა თვითმმართველობის რეფორმა, გაუქმდა გუბერნიები, შემოღებულ იქნა თვითმმართველობა ქალაქებსა და თემებში, ასევე საერობო ანუ რეგიონული თვითმმართველობა 21 მაზრაში. 1919 წლის იანვარში გატარდა სასოფლო-სამეურნეო და საადგილმამულო რეფორმა. 1920 წელს გაუქმდა აკრძალვა მიწის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 1919 წელს შეიქმნა სატარიფო პალატა მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების გაუმჯობესების მიზნით

 
საქართველოს ტერიტორიის ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად (ოლქებად) დაყოფის პროექტის რუკა 1920 წ.

ამასთან ერთად მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება.

საზღვრები რედაქტირება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის განმავლობაში იცვლებოდა სახელმწიფოს საზღვრები. სამხრეთ-დასავლეთით ოსმალეთის იმპერიასთან საზღვარი თავდაპირველად დადგინდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმის საზავო ხელშეკრულებით მდინარე ჩოლოქზე. 1918 წლის ოქტომბერში აღნიშნული საზღვარი შეიცვალა მუდროსის დროებითი ზავის შედეგად.

ჩრდილო-დასავლეთით დე-ფაქტო საზღვარი ჩამოყალიბდა სოჭის კონფლიქტის შედეგად 1919 წლის მაისში, მდინარე ფსოუზე. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვის ხელშეკრულებით იურიდიულად დადგინდა საზღვარი მდინარე ფსოუზე.

ვერ მოხერხდა საზღვრების დადგენა სომხეთსა და აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა ზაქათალის ოკრუგი, რომელზეც აზერბაიჯანმა პრეტენზიები 1918 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობას ოფიციალურად წაუყენა. აზერბაიჯანის პრეტენზიები ასევე შეეხებოდა სიღნაღის და ბორჩალოს მაზრებს, სადაც დიდი რაოდენობით მუსლიმები ცხოვრობდნენ. მიუხედავად პრეტენზიებისა, ორივე სახელმწიფო თანმხდებოდა შვიდობაზე და ტერიტორიული დავის საერთაშიროსი არბიტრაჟით გადაწყვეტაზე. 1920 წლის აპრილში რსფსრ-მ აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინა. რსფსრ არ ცნობდა ზაქათალის ოკრგუს საქართველოს შემადგენელ ნაწილად.

დაუდგენელი იყო საზღვარი სომხეთთანაც. 1918 წლის დეკემბერში სომხეთმა ომი დაიწყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარევით შეწყდა. მიუხედავად საქართველოს სახმედრო წარმატებისა, 1919 წლის იანვარში, დიდი ბრიტანეთის ჩარევით, საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ბორჩალოს და ლორეს მაზრების ტერიტორიაზე შეიქმნა ლორეს ნეიტრალური ზონა.

საგარეო მდგომარეობა რედაქტირება

 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის 1918-1921 წლებში ცვლილებების რუკა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-ფაქტო აღიარება რედაქტირება

ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც დე-ფაქტო დასტური მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, თურქეთი იყო (1918 წლის 3 ივნისი). შემდეგი სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე-ფაქტო აღიარა, გერმანია იყო (1918 წლის 10 ივნისი).

სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:

თავდაპირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო ორიენტაცია იყო პრო-გერმანული, ხოლო პირველ მსოფლიო ომში გერმანიის იმპერიის დამარცხების შემდეგ პრო-ბრიტანული. გერმანული სამხედრო მისია საქართველოში იმყოფებოდა 1918 წლის აპრილიდან დეკემბრამდე, ხოლო ბრიტანული მისია 1918 წლის დეკემბრიდან 1920 წლის ივლისამდე.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე-იურე აღიარება რედაქტირება

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობისა, საბჭოთა რუსეთიც და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისაგან. ისინი ქართულ საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას.

მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თვით რუსეთმა ცნო დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდა სახელმწიფოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემის ზრდას. ამის შედეგი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება რიგი ქვეყნების მიერ. სულ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე აღიარეს შემდეგმა სახელმწიფოებმა (დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა):

შეიარაღებული ძალები რედაქტირება

 
ქართველი არტილერისტები სოჭში.

ქართული რეგულარული შენაერთების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, მართალია თავიდან ამ ყველაფერს უფრო სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ 1917 წლის რევოლუციების შემდეგ კავკასიის ფრონტზე დაიწყო ნაციონალური შენაერთების ჩამოყალიბება. დაიგეგმა ქართული კორპუსის შექმნა, მაგრამ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის არსებობდა რამდენიმე მცირერიცხოვანი ქართული პოლკი. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე 1918 წლის 2 ივნისს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა სამხედრო უწყების დროებითი მმართველობის გეგმა. 1918 წლის 20 აგვისტოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო კანონი რეგულარული არმიის ორგანიზაციის, დებულება რესპუბლიკის სამხედრო მმართველობისა, ასევე დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ. რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის დებულების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უზენაესი ორგანო ეროვნული საბჭო იყო, რომლის აღმასრულებელი ორგანო მთავრობაა, ეს უკანასკნელი კი თავის უფლებას შეიარაღებული ძალების მიმართ სამხედრო სამინისტროს მეშვეობით ახორციელებდა. სამხედრო სამინისტროს სათავეში იდგა სამხედრო მინისტრი. 1919 წლის რეორგანიზაციის შემდეგ რეგულარული ჯარი შემდეგი სტრუქტურით ჩამოყალიბდა:[7]

I საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: ქუთაისი)

  • 1-ლი ქვეითი ბატალიონი (ქუთაისი)
  • მე-2-ე ქვეითი ბატალიონი (სოხუმი)
  • მე-3-ე ქვეითი ბატალიონი (ფოთი)
  • მე-4-ე ქვეითი ბატალიონი (ოზურგეთი)
  • 1-ლი საარტილერიო დივიზიონი (ქუთაისი)

II საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: თბილისი)

  • მე-5-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
  • მე-6-ე ქვეითი ბატალიონი (თელავი)
  • მე-7-ე ქვეითი ბატალიონი (თბილისი)
  • მე-8-ე ქვეითი ბატალიონი (დედოფლისწყარო)
  • მე-2-ე საარტილერიო დივიზიონი (მუხროვან-გომბორი)

III საარმიო ქვეითი ბრიგადა (შტაბი: გორი)

  • მე-9-ე ქვეითი ბატალიონი (ახალციხე)
  • მე-10-ე ქვეითი ბატალიონი (გორი)
  • მე-11-ე ქვეითი ბატალიონი (ახალქალაქი)
  • მე-12-ე ქვეითი ბატალიონი (მანგლისი)
  • მე-3-ე საარტილერიო დივიზიონი (გორი)

ამას გარდა არსებობდა:

  • ტფილისის სადარაჯო ათასეული (თბილისი)
  • საარმიო არტილერიის ბრიგადა (თბილისი)
  • არმიის ცხენოსანი დივიზიონი (თეთრიწყარო)
  • მესანგრეთა ბატალიონი (თბილისი)

სასაზღვრო ჯარის 6 ქვედანაყოფი (სოხუმი, ფოთი, ახალციხე, შულავერი, სიღნაღი, დარიალი). დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალები განიცდიდა შაშხანების, საარტილერიო დანადგარების, ტყვიამფრქვევების, ვაზნებისა და საარტილერიო ჭურვების დიდ ნაკლებობას.[8]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტი რედაქტირება

საქართველოს პირველ რესპუბლიკას მცირე ზომის საზღვაო ფლოტი ჰყავდა, რომელიც სტრუქტურულად, რეგულარული არმიის სანაპირო ჯარის (მესაზღვრეთა ნაწილები) შემადგენლობაში შედიოდა. საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში შედიოდა „გრინპორის“ ტიპის საპატრულო გამანადგურებელი კატარღები - „პატარა კახი“, „ტარიელი“, „ფრიდონი“ და „ავთანდილი“, ასევე რამოდენიმე ბარჟა და სასწავლო გემი. შეიარაღებული ძალები სამხედრო მიზნებისთვის არასამხედრო დანიშნულების გემებსაც იყენებდა.[9]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ავიაცია რედაქტირება

 
ლებედ-12

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს კავკასიის ფრონტის საავიაციო ტექნიკიდან, მემკვიდეობით, რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული წარმოების საფრენი აპარატი დარჩა. თვითმფრინავები, ძირითადად, მოძველებული „ფარმან-7“, „ფარმან-16“, „მორან-პარასოლის“, „ვუაზენის“, „ლებედ-12“, ერთძრავიანი და ორძრავიანი „კოდრონის“ და „ნიუპორ-21“-ს ტიპის გახლდათ. თვითმფრინავებზე დამონტაჟებული იყო „გნომის“, „რონის“ და „სალსონის“ ტიპის ძრავები, რომელთა საფრენოსნო რესურსი არათუ ამოწურული იყო, არამედ რამდენჯერმე აღემატებოდა ძრავების ექსპლოატაციის განსაზღვრულ ნორმას. 1920 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასია დაიკავეს, მოხალისეთა არმიის მეექვსე ავიარაზმის თეთრგვარდიელმა მფრინავებმა მოწინააღმდეგეს თბილისში გადმოფრენით დააღწიეს თავი. შედეგად, „სოფვიჩ-ქემალის“ „F1“ მოდელის 4 აეროპლანი ქართული არმიის საავიაციო პარკს შეუერთდა. მოგვიანებით, 1920 წლის ივლისში, საქართველომ იტალიაში, „ანსალდოს“ ქარხანაში, 10 ერთეული „SVA-10“ ტიპის თანამედროვე აეროპლანი შეიძინა.[10]

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯავშანმატარებლები რედაქტირება

 
ქართული ჯავშანმატარებელი

ჯავშანმატარებელთა რაზმი სახალხო გვარდიის რეგულარულ შენაერთებში შედიოდა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შენაერთს წარმოადგენდა. მის შემადგენლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა რაოდენობის ჯავშნოსანი მატარებელი ირიცხებოდა. ცნობილია ოთხი ჯავშნოსანი მატარებლის სახელი, რომლებიცაა „რესპუბლიკელი“, „მუშა“, „სიკვდილი ან გამარჯვება“ და „თავისუფლების სიმაგრე“. თავდაპირველად, თითოეულ ჯავშანმატარებელზე დაყენებული იყო ორი  76,2 მმ-იანი 1904 წლის მოდელის სამთო ქვემეხი (სროლის რადიუსი 4 – 4,2 კმ) და 12 ტყვიამფრქვევი. მოგვიანებით, გვარდიელებმა ჯავშანმატარებლების საბრძოლო შესაძლებლობები გაზარდეს - ქვემეხების რაოდენობა 3-4-ზე, ხოლო ტყვიამფრქვევების რაოდენობა 12-დან - 14-25-ზე აიყვანეს.ქართულმა ჯავშანმატარებლებმა პირველი რესპუბლიკის დროს წარმოებულ არაერთ სამხედრო ოპერაციაში გამოიჩინა თავი.[11]

დღესასწაულები რედაქტირება

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოცხადებული იყო 12 უქმე დღე[12]:

  1. ახალი წელი1 იანვარი
  2. შობა7 და 8 იანვარი
  3. რევოლუციის დღე — 12 მარტი
  4. ხარება7 აპრილი
  5. აღვსების ორშაბათი — მოძრავი
  6. მშრომელთა საერთაშორისო დღე1 მაისი
  7. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე — 26 მაისი
  8. ამაღლება — მოძრავი
  9. სულთმოფენობა — მოძრავი
  10. ღვთისმშობლის შობა21 სექტემბერი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • სიდამონიძე უ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 172.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია / მეტრეველი რ., თბ.: ქართული უნივერსიტეტი, 2015, ISBN 978-9941-9450-0-7.
  • ვაშაყმაძე ნ., ბარამიძე ი., კარლ კაუცკი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ (1918-1921 წწ.), ტ. II, ბათუმი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, 2007. — გვ. 126-135, ISBN 1987-524X Invalid ISBN.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბილისი, 1972
  • სიდამონიძე უ. „საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობის და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია“, თბილისი, 1970
  • მახარაძე ნ. „დიდი ოქტომბრის გამარჯვება საქართველოში“, თბილისი, 1967
  • სურგულაძე ა. „სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება ამიერკავკასიაში (1918-1921)“, თბილისი, 1957

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მიხეილ გვაძაბია. რატომ მიყვარს პირველი რესპუბლიკა? – ბექა კობახიძე.
  2. Lang, David Marshall (1962), A Modern History of Georgia, p. 211. London: Weidenfeld and Nicolson.
  3. Stefan Talmon (1998), Recognition of Governments in International Law, p. 289-290. Oxford University Press, ISBN 0-19-826573-5.
  4. ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი, 2018, გვ. 7
  5. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე, (რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 76–77
  6. საქართველოს ისტორია, XX საუკუნე,(რედაქტორი ვახტანგ გურული), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, არტანუჯი, თბ., 2003, გვ. 77
  7. არმიის ქვედანაყოგები
  8. როგორი იყო პირველი რესპუბლიკის შეიარაღება რადიო „თავისუფლება“
  9. პირველი რესპუბლიკის ფლოტი
  10. პირველი რესპუბლიკის ავიაცია
  11. პირველი რესპუბლიკის ჯავშანმატარებლები
  12. გურიის ერობის მოამბე N1 გვ.4-5 1 იანვარი 1920