ბალაზური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალაზური
არაბ. أبو الحسن أحمد بن يحيى بن جابر البلاذري
დაბ. თარიღი 820
დაბ. ადგილი ბაღდადი
გარდ. თარიღი 892[1] [2] [3]
გარდ. ადგილი ბაღდადი
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო
საქმიანობა ისტორიკოსი და გეოგრაფი

ალ-ბალაზური, სრული სახელი აჰმად იბნ იაჰია იბნ ჯაბირ ალ-ბალაზური (დ. დაახლოებით 820 — გ. 892) — არაბი ისტორიკოსი; ავტორი თხზულებებისა „ანსაბ ალ-აშრაფი“ („წარჩინებულთა გენეალოგია“) და „ფუთუჰ ალ-ბელდანი“ („ქვეყნის დაპყრობა“).

პირველი წიგნი შეიცავს ჩრდილოეთ არაბული ტომებისა და კურაიშების წრიდან გამოსულ პირთა ბიოგრაფიებს, იგი მნიშვნელოვანი წყაროა ომაიანთა სახალიფოსა და ხარიჯიტების მოძრაობის ისტორიისათვის. „ფუთუჰ ალბუდანი“ ძირითადად არაბთა დაპყრობითი ომების ისტორიას აღწერს მაჰმადის დროიდან ავტორის გარდაცვალებამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მას კავკასიის ისტორიისათვის. წიგნში საგანგებო თავები აქვთ დათმობილი აზერბაიჯანის და არმენიის (არაბთა მიერ ამიერკავკასიაში შექმნილი ადმინისტრაციული ერთეული, რომელშიც შედიოდა სომხეთი, ალბანეთი და საქართველო) დაპყრობას. მოთხრობილია არმენიისა და მისი მმართველი ვალიების, თბილისისა და საქართველოს სხვა მხარეების დაპყრობისა და „დაცვის სიგელების“ გაცემის შესახებ.

ბალაზური დაწვრილებით აღწერს ჰაბიბ იბნ მასლამას ლაშქრობას საქართველოში. ქართველებს უცდიათ წინააღმდეგობის გაწევა არაბებისათვის. თბილისის დამორჩილებამდე, ქალაქის მისადგომებთან ისინი ორჯერ შეტაკებიან მტერს. პირველად გაუმარჯვნიათ, მაგრამ მერე დამარცხებულან და არაბებთან მოლაპარაკება უმჯობინებიათ. ჰაბიბთან მისულა ჯურზანის (ქართლის) მოსახლეობისა და პატრიკიოსის მოციქული, მორჩილება გამოუცხადებია, ძღვენი მიურთმევია და ზავისა და შეუვალობის წიგნი უთხოვია.

საინტერესოა ბალაზურის თხზულების ის ნაწილიც, სადაც საქართველოს დანარჩენი პუნქტების დაპყრობაზეა საუბარი. ესენია: ხუნანი, სამცხე, გარდაბანი, შავშეთი, ბაზალეთი, კლარჯეთი, თრიალეთი, კახეთი, კუხეთი, არტანი, დარიალანი და სხვ. ბალაზურმა შემოგვინახა ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელის“ ერთ-ერთი უძველესი ვარიანტი და ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის სიგელის ერთადერთი ჩვენთვის ცნობილია ნუსხა. საინტერესოა ცნობები თბილისის ამირების, მათი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და საქართველოში ბუღა თურქის ლაშქრობის შესახებ.

საქართველოს ისტორიისათვის საინტერესოა აგრეთვე ბალაზურის ცნობები არაბულ შრიფტზე, კანცელარიებში არაბული ენის შემოღებაზე, არაბულ გადასახადებზე, მონეტებსა და სამონეტო საქმეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119312360 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.