საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოს და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 21 აგვისტოს.

1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საფრანგეთის რესპუბლიკაში:

  • ეკატერინე სირაძე-დელონე 2013 - დღემდე
  • მამუკა კუდავა 2007-2012
  • ნათია ჯაფარიძე 2004-2007
  • ლანა ღოღობერიძე 2004-2004
  • გოჩა ჩოგოვაძე 1993-1994

1993 წელს საქართველოში გაიხსნა საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო.

საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • პასკალ მენიე 2016 - დღემდე
  • რენო სალენსი 2012-2016
  • ერიკ ფურნიე 2007-2011
  • ფილიპ ლეფორი 2004-2007
  • სალომე ზურაბიშვილი 2003-2004
  • მირეი მუსო 1997-2003
  • ბერნარ ფასიე 1993-1997
  • პიერ მორელი 1992-1993 (რეზიდენციით მოსკოვი)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 15 შეთანხმება, რომლებიც ძირითადად არეგულირებს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, თავდაცვა, საფინანსო სექტორი, კულტურა და განათლება.

თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობა 2014 წლის 13 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც გაჟღერდა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნის თაობაზე. აღნიშნული სააგენტოს გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. საფრანგეთის განვითარების სააგენტო პროდუქტიულად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა და ტურიზმი.

საქართველოს პარლამენტში შექმნილია საფრანგეთთან მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფი. საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მოქმედებს საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფი, ხოლო სენატში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების საპარლამენტთაშორისო ჯგუფი.

ინტენსიურად ხორციელდება ორმხრივი პროექტები თავდაცვის სფეროში. წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა საფრანგეთის სამთო მომზადების სკოლებსა და საჩხერის სამთო მომზადების სკოლას შორის. 2010 წელს, სკოლას მიენიჭა ნატო-ს პროგრამის ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი. საქართველო მონაწილეობს ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ფრანგ სამხედროებთან ერთად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით, ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტ-ასპირანტებს საშუალება ეძლევათ განათლება მიიღონ საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

თბილისში ფუნქციონირებს კავკასიის ფრანგული სკოლა და ინსტიტუტი, რაც საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს ადგილზე დაეუფლონ ფრანგულ ენას და ეზიარონ ფრანგულ კულტურას.

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთის რეგიონებს შორის. რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ვიზიტების გაცვლა, კონფერენციების, გამოფენების, კონცერტების ორგანიზება, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება. ფრანგული მხარე კახეთის სკოლებს ამარაგებს შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ინვენტარით.

ფრანგულ მიწაზე, ლევილ–სიურ-ორჟში, ლევილის ქართული მამულის სასაფლაოზე, განისვენებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელ პატრიოტთა ჯგუფი, რომელიც საბჭოთა აგრესიას გაექცა და თავი საფრანგეთს შეაფარა.

2016 წლის 23 სექტემბერს, ხელი მოეწერა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს, რითიც დასრულდა 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული ქართველ ხალხს დაუბრუნდა.

ლევილის მამული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 1927 წელს შეიძინეს. საბჭოთა ოკუპაციის განმავლობაში ლევილში ანექსირებული საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია დაფუძნდა. 89 წლის შემდეგ კი ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა.


ბმულები:

საფრანგეთში საქართველოს საელჩო
საქართველოში საფრანგეთის საელჩო
საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო